კვირა 13 · N524 · ფორუმი: ITLOS / დანართი VII არბიტრაჟი მეთოდი: ILP-6 — მეთოდის ბარათი · შეფასება: კაზუსის რუბრიკა — 20 ქულა სტატუსი: ✅ დამტკიცებული — გიორგი კობერიძე (ლექტორი), 2026-09-22
სახელმწიფოები და გემი გამოგონილია. UNCLOS-ის ყველა ციტირებული მუხლი რეალურია და გადამოწმდეს პირველწყაროში.
ფაბულა
არკადია და ბელმონტე — მეზობელი სანაპირო სახელმწიფოები; ორივე UNCLOS-ის მხარეა 1997 წლიდან.
არკადიამ 1998 წელს კანონით გამოაცხადა 200 ზღვაპირული მილის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა და დაადგინა, რომ მასში თევზჭერა დასაშვებია მხოლოდ არკადიის ლიცენზიით.
მუხლი 287-ის დეკლარაცია:
- არკადიას დეკლარაცია არ გაუკეთებია.
- ბელმონტემ 1999 წელს აირჩია ზღვის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი (ITLOS).
არკადიამ 2001 წელს, რატიფიკაციის შემდეგ, გააკეთა მუხლი 298-ის წერილობითი განცხადება, რომლითაც გამორიცხა სავალდებულო პროცედურებიდან „საზღვაო საზღვრების დელიმიტაციასთან დაკავშირებული დავები”.
2024 წლის 3 მარტს არკადიის სანაპირო დაცვამ არკადიის საბაზისო ხაზებიდან 38 ზღვაპირულ მილზე დააკავა მეთევზე გემი „სტელა მარისი”, რომელიც დაცურავს ბელმონტეს დროშით. გემს ბორტზე აღმოაჩნდა 22 ტონა თევზი; არკადიის ლიცენზია არ ჰქონდა.
გემი ბუქსირით გადაიყვანეს არკადიის პორტში. ეკიპაჟის 12 წევრი დააკავეს.
2024 წლის 19 აპრილს არკადიის საქალაქო სასამართლომ:
- გემის კაპიტანს შეუფარდა ოთხი თვის თავისუფლების აღკვეთა;
- დანარჩენ 11 მეზღვაურს — ჯარიმა;
- დაადგინა გემისა და ტვირთის გათავისუფლების გირაო გემის საბაზრო ღირებულების სამმაგი ოდენობით.
ბელმონტემ 2024 წლის 6 მაისს ნოტით მოითხოვა გემისა და ეკიპაჟის დაუყოვნებელი გათავისუფლება. არკადიამ უპასუხა, რომ „საკითხი ეხება არკადიის სუვერენულ უფლებებს ცოცხალ რესურსებზე და საერთაშორისო განხილვას არ ექვემდებარება”.
2024 წლის 20 მაისს ბელმონტემ ITLOS-ს წარუდგინა მუხლი 292-ის შუამდგომლობა და, პარალელურად, დაიწყო პროცედურა არსებით დავაზე.
⚠️ ფაბულა არ ამბობს, აცნობა თუ არა არკადიამ ბელმონტეს დაკავების ფაქტი და შეფარდებული ზომები დაკავებისთანავე.
დავალება
მოამზადეთ სამართლებრივი დასკვნა ILP-6-ის სქემით:
- რომელ საზღვაო ზონაშია მოვლენა და რა უფლებამოსილება აქვს არკადიას ამ ზონაში? (მუხ. 2, 3, 33, 55–57, 86)
- მართლზომიერი იყო თუ არა არკადიის ქმედებები? განიხილეთ დაკავება, კაპიტნის დაპატიმრება და გირაოს ოდენობა ცალ-ცალკე. (მუხ. 56, 73)
- რომელ ფორუმზე რა შეიძლება განიხილებოდეს? გაატარეთ Part XV თანმიმდევრულად (მუხ. 279–298) და დაასაბუთეთ, რატომ ორი სხვადასხვა ფორუმი.
- წარმატებული იქნება თუ არა არკადიის შედავება მუხლ 297-სა და 298-ზე?
თითოეულ საკითხზე სავალდებულოა არკადიის საუკეთესო კონტრარგუმენტი.
წასაკითხი მასალა
| წყარო | მუხლები | სად ვნახოთ |
|---|---|---|
| UNCLOS (1982) | 2 · 3 · 33 · 55 · 56 · 57 · 73 · 86 · 87 · 92 · 279 · 281 · 283 · 286 · 287 · 288 · 290 · 292 · 293 · 297 · 298 | un.org/depts/los |
| საქართველოს კანონი საზღვაო სივრცის შესახებ | შედარებისთვის | matsne.gov.ge |
| სახელმძღვანელო, თავი 15 — საზღვაო სამართალი | ზონები და დავები | OpenRewi, Public International Law: A Multi-Perspective Approach (CC-BY-SA 4.0) — იხ. ფუტერი |
| მეთოდის ბარათი | საზღვაო სამართლის ბლოკი | მეთოდის ბარათი |
ვადა: სემინარამდე. მოცულობა: 1200–1800 სიტყვა.
← კვირა 11 — საერთაშორისო სისხლის სამართალიკვირა 14 — სამი ფორუმი ერთ ინციდენტზე →